მინდა!

მინდა ჩვენს პატარა ეზოში ყვავილები დავრგოთ და ცხელ საღამოებში რიგრიგობით ვრწყავდეთ. მინდა ერთად შევარჩიოთ ის კედელი, ახალბედა ხელოვანთა ნამუშევრებს რომ გამოვფენთ, ღვინის კოლექციისთვის კარადის მასალას ერთად ავარჩევთ.  

მინდა ატრაქციონზე ბავშვებს გვერდით უჯდებოდე, ფეხბურთის თამაშს ასწავლიდედა ეუბნებოდე, რომ ნურასდროს ნურაფრის შეეშინდებათ, რომ სირთულეები ყოველთვის არსებობს და მთავარი გამოსავლის პოვნაა. მინდა, თავად წაუკითხო ის წიგნები, მათ რომ კითხვა დაეზარებათ და აგრძნობინო, როგორ ზრუნავ, მაშინაც კი, თუ მათ ეს არ ანაღვლებთ. მინდა შენი ყველა დაგვიანების მიზეზი დაუგეგმავი, პატარა საჩუქრები იყოს, გზაში რომ მოგაფიქრდება, იმის წარმოდგენისას, რა შეიძლება გახდეს ჩემი ღიმილის მიზეზი. ძალიან მინდა, უსიტყვოდ რეცხავდე ჭურჭელს, მაშინ, როცა დაღლილი ვიქნები. მინდა ყველაფერს ხვდებოდე, იმდენად, რომ თვალებში ჩახედვა ყველაფრის სათქმელად საკმარისი იყოს.  მინდა სამოგზაურო ბილეთებს დღიურში მახვედრებდე, მაშინ როცა ნოემბერის პარიზში აცივდება და ფოთლები ქუჩებს გაავსებს, უბრალოდ რომ ვისეირნოთ და ქარიან დღეს ყავის ორთქლზე შევთბეთ. მინდა, რომ ძილის წინ სიყვარულს ისევე მიხსნიდე, როგორც პირველად და უცხოსავით უსიტყვოდ არასდროს დაიძინო. მინდა, არ მიბრაზდებოდე, მაშინ როცა შუაღამით ჩემი  შემოხუტება გაგაღვიძებს და იცოდე, ჩემს კოშმარულ სიზმრებს როგორ გაუმკლავდე. 

მინდა,  რომ მომაბეზრებლად სათუთსა და ჭირვეულს მაინც მეუბნებოდე, რომ საუკეთესო ვარ და ეჭვი არასოდეს შეგეპაროს, რომ ჩემს გვერდით ნამდვილად მთელი ცხოვრების გატარება გინდა. 

Leave a comment